შაქარი
შაქარი წარმოადგენს სურსათს, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ რაციონში. ადამიანის ორგანიზმი დახარჯულ ენერგიას უმეტესწილად აღიდგენს შაქრის ხარჯზე.
შაქარს აწარმოებენ შაქრის ჭარხლისა და შაქრის ლერწმისაგან. იწარმოება რაფინადის და ფხვნილის სახით.
ძველად შაქარი იწარმოებოდა მხოლოდ ლერწმისგან, რომელიც იზრდება თბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში, მაგალითად: ინდოეთი, ჩინეთი, კუბა და ა. შ. ამის გამო შაქარი საკმაოდ იშვიათ და ძვირადღირებულ პროდუქტს წარმოადგენდა. ბევრ ქვეყანაში შაქრის შემცვლელად იყენებდნენ თაფლს, ცაცხვის, ნეკერჩხლის და არყის ტკბილ წვენს. ადამიანის დახარჯული ენერგიის ნახევარი აღდგება ნახშირწყლების მიერ, აქედან 1/3 უჭირავს შაქრებს.
1747 წელს გერმანელმა ქიმიკოსი ანდრეას სიგიზმუნდი მოხსენებით გამოვიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც განაცხადა, რომ თეთრი ჭარხლიდან შესაძლებელია შაქრის წარმოება, თუმცა ამას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია და მხოლოდ მეცნიერის სიკვდილის შემდეგ 1784 წელს, მისმა მოსწავლემ ფრანც კარლ აჰარდმა დაიწყო შაქრის ჭარხლის კულტივირება და 1799 წელს მიიღო ჭარხლისგან შაქარი.1801 წელს კი გახსნა მსოფლიოში პირველი ჭარხლის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელმაც დაახლებით 6 წელ იმუშავა. ქარხანა 1807 წელს ხანძარმა გაანადგურა.
მაღალი ფასის გამო შაქარი საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მდიდარი ფენის წარმომადგენლებისათვის იყო ხელმისაწვდომი და აფთიაქებში ვერცხლის ექვივალენტურად იყიდებოდა. ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული შაქრის 60% მოდის შაქრის ლერწამზე, ხოლო 40% შაქრის ჭარხალზე. ამჟამად მსოფლიოში არსებობს 1500 ლერწმის და 1000 ჭარხლის გადამამუშავებელი ქარხანა, აქედან 800-მდე ქარხანა ევროპაში მდებარეობს.
ჭარხლისგან შაქრის წარმოება ძირითადად მიმდინარეობს უწყვეტი ქმედების აგრეგატებზე. შაქრის რამოდენიმე ეტაპს მოიცავს: თავდაპირველად ხდება ქარხანაში შემოსული ჭარხლის ბოლქვების გარეცხვა და გასუფთავება. აუცილებელია გარეცხვა მოხდეს ზედმიწევნით კარგად, რათა ბოლქვებს მთლიანად მოსცილდეს მიწა, ქვიშა და ბალახის თესლი. გარეცხვა წარმოებს სპეციალური ჯაგრისებით. გარეცხილი ჭარხალი ქუცმაცდება სახეხებზე, ემატება ცხელი წყალი და მიიღება ფაფისებრი მასა. უწყვეტი ქმედების დანადგარზე რამოდენიმე ეტაპად ხდება ფაფისგან შაქრის გამორეცხვა. შაქარშემცველი სითხე მიეწოდება დიფუზიურ დანადგარს, სადაც ხდება მისი დამუშავება კირიან წყალში. ჭარხლის ბოლქვებში მშრალი ნივთიერების რაოდენობა შეადგენს 20-25%-ს, აქედან 14-18% არის საქაროზა, 2%-ს შეადგენს არაშაქროვანი ნივთიერებები. არაშაქროვანი ნივთიერების მოსაცილებლად აუცილებელია კირიანი შაქარხსნარის ჯერ გოგირდმჟავაში დამუშავება (დეფეკაცია) და შემდეგ ნახშირბადის დიოქსიდის მოცილება (სატურაცია). ფერისა და მჟავიანობის მოსაცილებლად მეორე სატურაციის წვენს ამუშავებენ გოგირდის დიოქსიდში (სულფიტაცია). წვენის შესქელება მიმდინარეობს ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ხდება ღია ამაორთქლებელ ქვაბებში სიროფის დუღილი მანამ, სანამ მშრალი ნივთიერების შემცველობა არ მიაღწევს 55-65%-ს, შემდეგ ხდება ხარშვა ვაკუუმ-აპარატებში მშრალი ნივთიერების 92-93,5% შემცველობამდე. მიღებულ მასას აცენტრიფუგირებენ და იღებენ შაქარს კრისტალური სახით, 0,8-1% ტენიანობით. შაქრის კრისტალებს აშრობენ 110℃ ტემპერატურაზე 0,14% ტენიანობის მიღწევამდე.
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისხარისხი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისუვნებლობისსტანდარტი