დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

წყალი

გარემოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს წყალი. წყალს ადამიანისათვის გააჩნია ფიზიოლოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური, სამრეწველო და ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა. არასტანდარტული წყლის გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს წარმოების სანიტარული რეჟიმის დარღვევასთან, უხარისხო პროდუქტის გამოშვებასთან, აგრეთვე შეიძლება იყოს მიზეზი ინფექციური დაავადებების, კვებითი მოწამვლების, ჰელმინთოზების დასხვა.
წყლის ფიზიოლოგიური მნიშვნელობა ადამიანისათვის მდგომარეობს იმაში, რომ იგი შედის ყველა ბიოლოგიური ქსოვილის შემადგენლობაში. სხეულის მასის 60-70% წყალი შეადგენს, იგი წარმოადგენს სისხლის, სხვადასხვა სეკრეტის (მაგ. კუჭის წვენი, ნაღველი) და ექსკრეტის (ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც განიდევნება ორგანიზმიდან) შემადგენელ ნაწილს. წყალს შეიცავს არა მხოლოდ თხევადი არე, არამედ მკვრივი ქსოვილები. კბილის მინანქარში წყლის შემცველობა 0,2%-ია, ძვლებში - 22%, ცხიმოვან ქსოვილში - 30%, ღვიძლში - 70%, ჩონჩხის კუნთებში - 76%, თავის ტვინის რუხ ნივთიერებაში - 86%. ყველა ბიოქიმიური რეაქცია და ფიზიოლოგიური პროცესები წყლიან გარემოში მიმდინარეობს. იგი წარმოადგენს უნივერსალურ გამხსნელს, მონაწილეობს მარილთა ცვლაში, ოსმოსური წნევის, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაში, თერმორეგულაციაში. წყალი ახორციელებს მრავალი მარილის, მიკროელემენტის, ვიტამინის და სურსათის ტრანსპორტს. ამავე დროს იგი მონაწილეობს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფაში შარდის, ოფლის და სხვა სახით.
ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება წყალზე შეადგენს დაახლოებით 2,5-3 ლ დღე-ღამეში. ჩვეულებრივ პირობებში დასალევი სითხის რაოდენობა შეადგენს 1-1,5 ლ/დღე-ღამე, დამატებით კვების პროდუქტებით 1-1,2 ლ წყალი ხვდება ორგანიზმში, აგრეთვე  ნივთიერებების ჟანგვის შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება 0,5 ლ-დე წყალი. სიცხეში და გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვის დროს, გაძლიერებული ოფლის გამოყოფის გამო, წყლის მოთხოვნილება შეიძლება გაიზარდოს 10-12 ლ-მდე დღე-ღამეში,  რასაც მივყავართ გაუწყლოებამდე და ორგანიზმიდან Na და K მარილების, აგრეთვე წყალში ხსნადი ვიტამინების  გამოყოფამდე.
ადამიანის ორგანიზმი ძნელად იტანს გაუწყლოებას: 10% წყლის დაკარგვას მივყავართ ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან, ხოლო 20-22% - სიკვდილს იწვევს. წყლის სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა-მოსახლეობის სანიტარული კეთილდღეობის წამყვან მაჩვენებელს წარმოადგენს წყალი. საყოფაცხოვრებო მიზნით და სასმელად ადამიანისათვის დიდი რაოდენობით წყალია საჭირო: ცივი და ცხელი წყალმომარაგება, სასმელი წყალი, სურსათის მოსამზადებლად, ჭურჭლის სარეცხად, სველი დასუფთავების მიზნით, სარეცხად, საკანალიზაციოდ, ქუჩების დასუფთავებისთვის და ა.შ. ამდენად, წყლის ხარჯი ერთ სულ მოსახლეზე დღე-ღამეში სასმელი წყლის სახით და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის დაახლოებით 200-დან 400 ლ-ს შეადგენს.
სამრეწველო მნიშვნელობა- წყალი წარმოადგენს ღირებულ ტექნოლოგიურ ნედლეულს. ასე მაგალითად, 1 ტ ხორბლის მოყვანისათვის 1500 მ3 წყალია საჭირო, 1 ტონა ხორცის წარმოებისთვის - 2000 მ3 და ა.შ.
ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა-საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების მონაცემებით დადგენილია, რომ მსოფლიოში ინფექციურ დაავადებათა 80% დაკავშირებულია სასმელი წყლის არადამაკმაყოფილებელ ხარისხთან და წყალმომარაგების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევასთან.
ძირითადი ინფექციური დაავადებები,რომლებიც გადაეცემა წყლის გზით:
  • ბაქტერიული ბუნების ნაწლავური ინფექციები - ქოლერა, მუცლის ტიფი, პარატიფი А და В, დიზენტერია, სხვადასხვაგვარი ენტერიტი და ენეროკოლიტები;
  • ვირუსული დაავადებები - А ტიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციური ჰეპატიტი (ბოტკინი), პოლიომიელიტი, ადენოვირუსული და ენტეროვირუსული დაავადებები;
  • ბაქტერიული ზოონოზური ინფექციები - ტულარემია, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ციმბირის წყლული;
  • პროტოზოური ინვაზიები (უმარტივესებით გამოწვეული დაავადებები) - ლამბლიოზი, ამებიოზი;
  • ინვაზიები, რომლებიც გამოწვეულია გეოჰელმინტებით, ვითარდებიან შუალედური მასპინძლის გარეშე (ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, სრონგილოიდოზი) და ბიოჰელმინტებით, გაივლიან მატლის სტადიას შუალედური მასპინძლის ორგანიზმში - შინაური ცხოველი, მოლუსკები, კიბოსნაირები, თევზები (ღორის სოლიტერი, ღვიძლის ორპირა, ოპისტორხოზი და სხვ.). 
დაავადების გამომწვევები ხვდებიან საყოფაცხოვრებო წყალსატევებში და სამრეწველო კანალიზაციის წყლებში. სასმელი წყლის დაბინძურება შეიძლება მოხდეს სხვადასხვაგვარი ავარიის დროს. ყველაზე ხშირად დაინფიცირება ხდება, როდესაც ჭურჭლის, ხილ-ბოსტნეულის რეცხვისთვის, დასაბანად გამოიყენება ღია დაბინძურებული წყალსატევები.გარდა ინფექციური დაავადებებისა, წყალი შეიძლება იყოს ადამიანის არაინფექციური დაავადებების მიზეზი (ენდემური, ჩიყვი, ფლუროზი, კარიესი და სხვ.), რაც დაკავშირებულია წყლის ბუნებრივი ქიმიური შემადგენლობის დარღვევასთან .
წყალმომარაგების წყაროები შეიძლება იყოს ზედაპირული, მიწისქვეშა და ატმოსფერული წყლები. წყლის წყაროების მიმართ ძირითადი ჰიგიენური მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ წყლის ხარისხი ბუნებრივ პირობებში  უნდა იძლეოდეს გარანტიას, დაცული ვიყოთ ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხისგან, ჯანმრთელობისათვის მავნე შხამიანი და რადიაქტიული ნიივთიერებებით დაბინძურებისგან, ხოლო ორგანოლეპტიკური თვისებების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს მოსახლეობის მოთხოვნებს. სასმელი წყლის ხარისხი განსაზღვრავს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას. სასმელ წყალს უნდა გააჩნდეს სასიამოვნო ორგანოლეპტიკური თვისებები, უნდა იყოს უვნებელი ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური და რადიაციული თვალსაზრისით.

სასმელი წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები- სასმელი წყალი უნდა ფლობდეს კარგ ორგანოლეპტიკურ თვისებებს - უნდა იყოს გამჭირვალე, უფერო, შეუღებავი, გემოსა და სუნის გარეშე, ჰქონდეს გამაგრილებელი ტემპერატურა და არ უნდა შეიცავდეს ხილულ მინარევს.
წყლის ტემპერატურა- ადამიანის ფიზილოგიური მოთხოვნილებისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 8-15 Cо. იგი ავლენს სასიამოვნო გამაგრილებელ მოქმედებას, უკეთესად კლავს წყურვილს, სწრაფად შეიწოვება, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციას.  25 Cо ტემპერატურის წყალი ცუდად აკმაყოფილებს წყურვილს, 25-35Cо - უსიამოვნოა და იწვევს გულისრევის რეფლექსს.
წყლის სუნი-  სუნის ხასიათი და ინტენსივობა განისაზღვრება სუნის აღქმის შეგრძნების მიხედვით. განასხვავებენ სუნის 2 ჯგუფს: ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის სუნი. ბუნებრივი წარმოშობის სუნი განპირობებულია წყალში მცხოვრები და მკვდარი ორგანიზმებით, ნაპირის, ფსკერის, ნიადაგის, გრუნტის და ა.შ. გავლენით. მაგ., წყალში მცენარეული ნარჩენების არსებობა მას აძლევს მიწის, შლამის ან ჭაობის სუნს; წყლის ყვავილობისას შეიმჩნება არომატული სუნი; გოგირდწყალბადის არსებობა წყალს აძლევს ლაყე კვერცხის სუნს; ორგანული ნივთიერებების ლპობისას ან მისი ნარჩენებით დაბინძურებისას წარმოიქმნება სიდამპლის, გოგირდწყალბადის ან ფეკალური სუნი. ხელოვნური წარმოშობის სუნი  წარმოიშობა წყლების სამრეწველო და საკანალიზაციო წყლებით დაბინძურებისას (ფენოლური, სააფთიაქო სუნი, ქლორის, მეტალური, ნავთობის და სხვ.).
გემო და არომატი- სასმელი წყალი უნდა იყოს სასიამოვნო, რაიმე გვერდითი გემოს გარეშე.წყლის გემო დამოკიდებულია წყლის მინერალურ შემადგენლობაზე, მის ტემპერატურაზე და მასში გახსნილ აირებზე.
შეფერილობა- წყლის ბუნებრივი თვისებაა, რომელიც განპირობებულია ჰუმინური ნივთიერებებით. ისინი წარმოიქმნებიან ნიადაგში ორგანული ნივთირებების დაშლისას, გამოირეცხებიან მისგან, ხვდებიან ღია წყალსატევებში და აძლევენ მას ყვითლიდან ყავისფრამდე შეფერვას. ამიტომ შეფერვა ღია წყალსატევების წყლისთვის თანდაყოლილი თვისებაა და მკვეთრად მატულობს წყალდიდობის პერიოდში. წყალს შეფერვა შეიძლება მისცეს რკინის ნაერთებმა (მეტალისფერი მწვანე შეფერვა), წყალმცენარეებმა, მასში შეტივნარებულმა ნივთიერებებმა, კანალიზაციის წყლებით დამინძურებამ და სხვა. 
წყლის სიმღვრივე -  დამოკიდებულია წყალში მინერალური ან ორგანული წარმოშობის ნაწილაკებზე. მომატებული სიმღვრივე ზღუდავს წყლის მოხმარებას, იგი მიუთითებს ბუნებრივი წყლების დაბინძურებაზე.
სიხისტე- დამოკიდებულია წყლის მინერალიზაციის ხარისხზე, ე.ი. მასში კალციუმის და მაგნიუმის მარილების შემცველობაზე. ხისტი წყალი ამცირებს კვებით ღირებულებას მომზადებული სურსათის შეთვისებადობას. მაგ., ხისტ წყალში მოხარშული ბოსტნეული და ხორცი, ძნელად გადამუშავდება, რამდენადაც კალციუმის და მაგნიუმის მარილებთან წარმოიქმნება ძნელადხსნადი ცილის ნაერთი; უარესდება ჩაის გემო. ხისტი წყალი წარმოქმნის უხსნად ნალექს ცხელი წყლის მილებში და ჭურჭელზე. გამოვლენილია კავშირი ხისტი წყლის მოხმარებასა და შარდ-კენჭოვანი დაავადებებს შორის. წყლის დასაშვები სიხისტე არ უნდა აღემატებოდეს 7 მგ/ეკვ/ლ-ს. 






#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისუვნებლობისსტანდარტი
წყალი