რატომ არის აუცილებელი GMP, GHP, GAP და რას უზრუნველყოფს ეს პროგრამები.
სურსათის უვნებლობა პირველ რიგში იწყება პირველადი წარმოებიდან, ხოლო შემდეგ საწარმოო სივრცეების დაგეგმარებიდან და აგებიდან, რადგან უვნებელი სურსათის წარმოებისთვის აუცილებელია პირველადი წარმოების სწორად წარმართვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სწორად გამართვა და შესაბამისი ჰიგიენის შენარჩუნება. დღეს სწორედ იმ პრე-რეკვიზიტულ პროგრამებზე ვისაუბრებთ, რომლებიც აუცილებელია უვნებელი სურსათის წარმოებისთვის.
GMP-არის კარგი საწარმოო პრაქტიკა, რაც ითვალისწინებს საწარმოო ტერიტორიისა და სივრცის სწორად ათვისებას და გამართვას, ამისთვის კი გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
საწარმოს ტერიტორია
საწარმოს ადგილის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაბინძურების ყველა პოტენციური წყარო და დაგეგმილი იყოს ღონისძიებები მათი თავიდან აცილების მიზნით. რაც გამორიცხავს სურსათის დაბინძურებას ირგვლივ არსებული ნაგებობებიდან. ამასთანავე, ტერიტორია ისე უნდა იყოს მოპირკეთებული, რომ წყალი არ დაგუბდეს, შესაძლებელი იყოს მისი დასუფთავება, მყარი და თხევადი ნარჩენების გატანა.
საწარმოს შენობა
სურსათის საწარმოს შენობა უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას მოხდეს მისი დასუფთავება, დეზინფექცია, სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება, დამაბინძურებლებისგან (მათ შორის მავნებლებისგან, დაბინძურებული ჰაერიდან) დაცვა. შენობაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროცესის ნაკადურობა, რაც ნედლეულისა და მზა პროდუქტის გადაკვეთის თავიდან აცილებას გულისხმობს, ისევე როგორც თანამშრომლებისა და სხვადასხვა მოწყობილობის მოძრაობას ისე, რომ მზა პროდუქტის დაბინძურება არ მოხდეს. შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ტემპერატურით, ფარდობითი ტენიანობით. პერსონალს უნდა ჰქონდეს მოსასვენებელი ადგილი და გასახდელი.
საპირფარეშო და ხელსაბანები
საწარმოში არსებული საპირფარეშოს კარი პირდაპირ არ უნდა იღებოდეს საწარმოო სივრცეში, რეგულარულად უნდა სუფთავდებოდეს და აღჭურვილი იყოს ყველა საჭირო ჰიგიენური ინვენტარით.
ხელსაბანები აღჭურვილი უნდა იყოს გამდინარე ცივი და ცხელი წყლით, თხევადი საპნით არომატის გარეშე, ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცებით, ქაღალდის ხელსახოცებისთვის განკუთვნილი ურნით.
იატაკი
იატაკის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, წყალგაუმტარი, შეწოვის უნარის არმქონე, არატოქსიკური მასალით მოპირკეთებული, ნაპრალებისა და ღიობების გარეშე. ადვილად ირეცხებოდეს და საჭიროების შემთხვევაში იძლეოდეს დეზინფექციის საშუალებას. ამასთან, იატაკი დაქანებული უნდა იყოს ტრაპისკენ, რაც გამოირიცხავს წყლის დაგროვების შესაძლებლობას. ტრაპები უნდა იყოს თავდახურული შენობაში მავნებლების შემოღწევის შესაძლებლობის მინიმუმამდე შემცირების მიზნით.
კედლები
კედლების მოსაპირკეთებლად გამოყენებული მასალა უნდა იყოს გლუვი, ადვილად რეცხვადი, წყალგაუმტარი, შეწოვის უნარის არმქონე, არატოქსიკური. არ უნდა ჰქონდეს ბზარები, ნაპრალები და ღიობები. შენარჩუნებული უნდა იყოს კედლის მთლიანობა.
ჭერი
ჭერისთვის გამოყენებული მასალა უნდა იყოს გლუვი, არატოქსიკური, ადვილად რეცხვადი , არ უნდა ხდებოდეს ჭუჭყისა და კონდენსატის დაგროვება.
კარ-ფანჯარა
კარ-ფანჯრისთვის გამოყენებული მასალა უნდა იყოს შეწოვის უნარის არმქონე, ადვილად რეცხვადი და საჭიროების შემთხვევაში იძლეოდეს დეზინფექციის საშუალებას. ფანჯრის გაღების შემთხვევაში აუცილებელია მწერებისგან დამცავი ბადის გამოყენება, რაც უზრუნველყოფს მავნებლებისგან დაცვას.
ვენტილაცია
საწარმოში შეიძლება იყოს, როგორც ბუნებრივი (ფანჯრების გაღების გზით), ასევე მექანიკური ვენტილაცია. ვენტილაცია უნდა იცავდეს ორთქლისგან, ხელს არ უწყობდეს კონდენსატის წარმოქმნას და ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ ჰაერი დაბინძურებული ადგილებიდან სუფთა ადგილებისკენ არ მიემართებოდეს.
განათება
განათება შეიძლება იყოს ბუნებრივი და ხელოვნური. ნათურები დაცული უნდა იყოს პლასტმასის გარსაცმით, რათა გატეხვის შემთხვევაში პროდუქტში მინის ნამსხვრევები არ მოხვდეს. ასევე გათვალისწინებულია, რომ განათება იყოს თეთრი ფერის, რადგან იერსახე არ შეუცვალოს პროდუქტს და დაბრკოლებები არ შეუქმნას თანამშრომლებს მოვალეობების შესრულებისას.
აღჭურვილობა, მოწყობილობები და ზედაპირები
ყველა ზედაპირი (დანადგარი, აღჭურვილობა, მოწყობილობა, ინვენტარი და ა.შ.), რომელიც უშუალოდ ეხება პროდუქტს უნდა იყოს გლუვი, მარტივად რეცხვადი, კოროზიისადმი მდგრადი, არატოქსიკური მასალით დამზადებული.
აღჭურვილობა და მოწყობილობა კედლიდან და იატაკიდან გარკვეული მანძილის დაშორებით უნდა იყოს დამონტაჟებული, რადგან შესაძლებელი იყოს სრული რეცხვა-დეზინფექცია.
წყალმომარაგება და კანალიზაცია
საწარმოში უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასმელი წყლის მოთხოვნების შესაბამისი წყალი. წყლისთვის გამოყენებული მოწყობილობებიც დაცული უნდა იყოს დაბინძურებისგან და პერიოდულად ხდება მათი დეზინფექციაც ხდებოდეს, ასევე აუცილებელია წელიწადში ერთხელ წყლის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება, რათა საბოლოოდ დავწრმუნდეთ, რომპროდუქტის გადამუშავებისა და რეცხვა-დეზინფექციისთვის უვნებელ წყალს ვიყენებთ.
GHP- ანუ კარგი ჰიგიენის პრაქტიკა. საწარმოში მუდმივად უნდა იყოს შენარჩუენებული ადეკვატურ ჰიგიენურ მდგომარეობაში, რისთვისაც აუცილებელია შემდეგი წესები შესრულება:
• საწარმოში რეცხვა-დეზინფექციისას საწარმოო დანიშნულების სანჰიგიენური საშუალებების გამოყენება.
• საწარმოს ინტერიერის, სამუშაო ზედაპირების, დანადგარების და სხვა ინვენტარის რეგულარულად (დაწესებული რეცხვი-დეზინფექციის პროგრამის შესაბამისად) რეცხვა სათანადო სანჰიგიენური საშუალებით და წყლის ჭავლით.
• ყველა სანჰიგიენური საშუალების შესყიდვისას მომწოდებლისთვის თანხმხლები დოკუმენტაციის მოთხოვნა (შემადგენლობა და დანიშნულება, გამოყენებისა და უსაფრთხოების წესები).
• სანჰიგიენური საშუალებები ინახება თავდაპირველ კონტეინერში სრულ გახარჯვამდე, პროდუქტისგან და შესაფუთი მასალისგან განცალკევებულად, ცალკე კარადაში. თავდაპირველი კონტეინერიდან სანჰიგიენური საშუალების სხვა ჭურჭელში გადატანის შემთხვევაში, აუცილებელია პირველად ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის გადატანა ახალ ჭურჭელზე.
• რეცხვა-დეზინფექციის სამუშაო ხსნარის დამზადებისას ხსნარის შესანახ ჭურჭელზე აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის მითითება: ხსნარის დასახელება, დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა.
• რეცხვა-დეზინფექციის ქმედებების ჩატარებისას დაცული უნდა იყოს სანჰიგიენური საშუალების ანოტაციაში მითითებული გამოყენებისა და უსაფრთხოების წესები.
• აუცილებელია საწარმოო უბნებისა და საწყობების დაცვა მავნებლების შემოღწევისგან. მავნებლებში იგულისხმება: მღრღნელები, მფრინავი და მცოცავი მწერები, შინაური ცხოველები.
• აუცილებელია პერსონალი იცავდეს პირადი ჰიგიენის წესებს.
GLOBAL GAP- არის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. ეს არის სტანდარტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მისაღებად, ამიტომ ის მოიცავს მთელ სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესს. GLOBAL GAP სტანდარტი მოიცავს მთელ წარმოების ჯაჭვს, მცენარეთა თესვას ან დარგვას მიწაში, მოვლას, მოსავლის აღებას, საბოლოო პროდუქტის დამუშავებას (მაგალითად: შენახვა, შეფუთვა, განფასება). ამჟამად ის ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული სისტემაა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ახალი ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლები. კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ფარგლებში, ფერმერი ვალდებულია იზრუნოს გარემოზე, მცენარეთა დაცვის პროდუქტების, მინერალური სასუქების, საკვების, ვეტერინარული პრეპარატების სწორად გამოყენებაზე და შენახვაზე. ფერმერი ვალდებულია იზრუნოს მინდვრის მდგომარეობის, ნიადაგის, წყლის, ჰაერის მდგომარეობაზე. ამ ყველაფერთან ერთად GAP ასევე წარმოადგენს ნარჩენების სწორად მართვის, ფერმაზე სისუფთავის, წესრიგის და ფერმაში მომუშავე ადამიანების უსაფრთხოების გარანტიას.
GMP, GHP და GAP პროგრამები ერთ-ერთი მთავარი ჯაჭვია სურსათის უვნებლობის ჯაჭვში, მათი დანერგვა და გათვალისწინება კი უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის წარმოებას.
#HACCP #ISO22000 #GMP #GHP #GAP #სტანდარტი #სურსათისხარისხი #სურსათისუვნებლობისსისტემა #უვნებელისურსათი