დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

სურსათის თერმომეტრების სწორად გაგება და გამოყენება

დღესდღეობით, სურსათის წარმოება მრავალი გზით ხდება. რესტორნებში მივირთმევთ ცხელ ან ცივ კერძებს. წარმოებისას მზადდება გაყინული ნახევარფაბრიკატები და ა.შ. შესაბამისად, ტემპერატურის კონტროლი წარმოების ეტაპის ნაწილი ხდება. გაყინვასა და მომზადებას თავიანთი შესაბამისი ტემპერატურები აქვთ, რომელზედაც უნდა დამუშავდეს სურსათი, რათა უვნებელი გახდეს. იმისთვის რომ, მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარება შევაჩეროთ და გავანადგუროთ კიდეც ისინი სწორედ მათთვის არახელსაყრელ ტემპერატურაზე უნდა დამუშავდეს და მომზადდეს ნებისმიერი სურსათი. აქედან გამომდინარე, წარმოებისას ტემპერტურის კონტროლი ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ხდება მომხმარებლის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საქმეში. გასაკვირი არაა, რომ ჰასპის სისტემა (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) დიდ ყურადღებას აქცევს როგორც ტემპერატურის კონტროლს, ასევე მზომი საშუალების გამართულობის კონტროლსაც. მისი საშუალებით წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, განსაკუთრებით ტემპერატურული დამუშავებისას, ხდება ტემპერატურის კონტროლი. გარდა ამისა, შენახვისას აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი, რათა სურსათი შესაბამის ტემპერატურაზე იყოს. აქედან გამომდინარე, იმ სურსათის მწარმოებლების მიმართ, რომელსაც ეს სისტემა აქვთ დანერგილი მომხმარებლებს მეტი ნდობა უჩნდებათ. 

ვის სჭირდება თერმომეტრი?
თუ თქვენი სასურსათო ბიზნესი ინახავს, ტრანსპორტირებს, ამზადებს, ხარშავს/წვავს ან ყიდის პოტენციურად საფრთხის შემცველ სურსათს, მაშინ უნდა გქონდეთ თერმომეტრი, რომ შეძლოთ ამ სურსათის ტემპერატურის გაზომვა. პოტენციურად საშიში სურსათის მაგალითები მოიცავს: ხორცს, თევზს, რძის პროდუქტებს და კვერცხს. ასევე მოიცავს მომზადებულ ბრინჯსა და მაკარონს.

თერმომეტრი უნდა ინახებოდეს თქვენს სურსათის ობიექტზე. თუ რამდენიმე ობიექტი გაქვთ, საჭიროა თითოეულ ადგილას გქონდეთ თერმომეტრი


რატომ მჭირდება თერმომეტრი?
თერმომეტრი საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ, რომ პოტენციურად საშიში სურსათი საკმარისად კარგად არის მომზადებული, ინახება სწორ ტემპერატურაზე მაცივარში ან/და უსაფრთხოდ ცივდება და თბება. თერმომეტრი ასევე საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ, რომ პოტენციურად საშიში სურსათი სწორ ტემპერატურაზეა, როდესაც თქვენ მიიღებთ. ეს სტანდარტების მოთხოვნაა და უფრო დეტალურადაა ახსნილი "სურსათის უსაფრთხოების სტანდარტები -  სურსათის უსაფრთხოდ მიღება (Food Safety Standards - Receiving food safely.)". სწორედ, ამ მოთხოვნებს უყენებს ნებისმიერ ბიზენსოპერატორს ჰასპის სისტემა. მისი მეშვეობით ზემოხსენებულ ეტაპზე ხდება ტემპერატურის კონტროლი.
სტანდარტები ასევე მოითხოვს, რომ პოტენციურად საშიში სურსათი უნდა ინახებოდეს 5°C ან დაბლა, 60°C ან ზემოთ, როცა ინახება ან ტრანსპორტირდება, თუ არ გაქვთ უსაფრთხო ალტერნატიული ზომები. სხვა ტემპერატურული მოთხოვნები ასევე ვრცელდება პოტენციურად საშიში მომზადებული სურსათის გაგრილებასა და ხელახლა გათბობაზე. უფრო მეტი ინფორმაციისთვის ტემპერატურის კონტროლის მოთხოვნების შესახებ იხილეთ "სურსათის უსაფრთხოების სტანდარტები - ტემპერატურის კონტროლის მოთხოვნები".


რა სახის თერმომეტრი დამჭირდება?
საჭიროა თერმომეტრი, რომელიც შეიძლება სურსათში ჩაირჭოს მისი შუაგული ტემპერატურის გასაზომად. ეს ნიშნავს, რომ მას უნდა ჰქონდეს ზონდი. თერმომეტრი ასევე უნდა იყოს ზუსტი +/- 1°C-ით. ეს ნიშნავს, რომ როდესაც თერმომეტრი აჩვენებს, რომ სურსათი 5°C ტემპერატურაზეა, სურსათის რეალური ტემპერატურა იქნება 4°C და 6°C შორის. ასევე საგულისხმოა, რომ დღესდღეობით იმისთვის რომ თერმომეტრმა ზუსტი ტემპერატურა გვიჩვენოს აუცილებელია მისი დაკალიბრება. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს ეს პროცედურა, რათა მან გამართულად იმუშაოს და სასურსათო ჯაჭვში პრობლემა სწორედ მის გამო არ შეიქმნას. ამიტომაცაა, რომ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები, მათ შორის ჰასპის სისტემა, დიდ ყურადღებას აქცევს თერმომეტრების გამართულობას. თანაც ხშირ შემთხვევაში კრიტიკული საკონტროლო წერტილი ჰასპის სისტემაში თერმომეტრით კონტროლდება. აქედან გამომდინარე, ადეკვატურად გამართული და შემდგომ მოხმარებული თერმომეტრი უმნიშვნელოვანესი დეტალია სურსათის წარმოებისას. 

თერმომეტრი უკვე მაქვს. დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნებს?
თუ თქვენ უკვე გაქვთ თერმომეტრი ზონდით, ის შეიძლება იყოს ადეკვატური, იმ პირობით, რომ მას შეუძლია გაზომოს მინიმუმ 1°C-მდე ცდომილებით. თერმომეტრის სიზუსტე უნდა იყოს მითითებული თერმომეტრს მოყოლილ დოკუმენტებში. თუ არ გაქვთ რაიმე დოკუმენტი, დაუკავშირდით კომპანიას, სადაც შეიძინეთ და ჰკითხეთ მისი სიზუსტის შესახებ.
მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება სურსათის შესანახად, როგორიცაა მაცივრები გამაგრილებელი ოთახები და სხვა დანადგარები შეიძლება ჰქონდეს თერმომეტრი, როგორც აღჭურვილობის ნაწილი. ეს თერმომეტრი გაზომავს მოწყობილობის ოპერაციულ ტემპერატურას. მიუხედავად იმისა, რომ ეს თერმომეტრები სასარგებლოა, ისინი არ ზომავენ სურსათის რეალურ ტემპერატურას და შიგნით არსებულ ტემპერატურას. ამიტომ, დამატებით თერმომეტრის შეძენა, რომელიც შიგნით არსებულ ტემპერატურას გაზომავს, დაგჭირდებათ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ არსებობს ლაზერი თერმომეტრები, რომელთა გამოყენებისას მათი სურსათში ჩარჭობა არაა აუცილებელი. იმ სურსათს, რომლის ტემპერატურაც გაინტერესებთ მიანათებთ სხივს და წამშივე ზომავს. ასეთი თერმომეტრები მოსახერხებელია მაშინ, როდესაც სურსათის მწარმოებლებს ჰასპის სისტემის ყოველდღიური ჟურნალების შევსება უწევთ. სხვადასხვა კერძის ლღობის ტემპერატურა, მომზადებისას ტემპერატურა მარტივად განისაზღვრება და იწერება ჟურნალში. 


როგორ გამოიყენება თერმომეტრი სურსათის ტემპერატურის გასაზომად?
უნდა მიყვეთ შემდეგ რჩევებს:
•    თერმომეტრი უნდა იყოს სუფთა და მშრალი;
•    ჩაარჭეთ ზონდი სურსათში და დაელოდეთ სანამ ტემპერატურის მაჩვენებელი დასტაბილურდება ტემპერატურის წაკითხვამდე;
•    გაზომეთ სურსათის სხვადასხვა ნაწილი, რადგან ტემპერატურა შეიძლება არ იყოს იგივე, მაგალითად, თუ იგი გაცივებულია მაცივარში, მისი ზედა ნაწილი შეიძლება იყოს უფრო ცივი, ვიდრე შუა;
•    გაწმინდეთ და გაასუფთავეთ თერმომეტრი ერთი სურსათის ტემპერატურის გაზომვის შემდეგ და სხვა სურსათის ტემპერატურის გაზომვამდე;
•    თუ იყენებთ თერმომეტრს ცხელი და ცივი სურსათის  გასაზომად, გაზომვებს შორის დაელოდეთ სანამ თერმომეტრი ოთახის ტემპერატურას დაუბრუნდება;
•    გაზომეთ სხვადასხვა სურსათის ტემპერატურა მაცივარში, რადგან მაცივარში ან მოწყობილობაში იქნება უფრო ცივი და ცხელი ადგილები;
•    გაზომეთ შეფუთული გაცივებული სურსათის ტემპერატურა ორ შეფუთვას შორის თერმომეტრის სიგრძის მოთავსებით - ტემპერატურა იქნება მიახლოებითი, მაგრამ შეფუთვა ხელუხლებელი რჩება.


როგორ უნდა გასუფთავდეს თერმომეტრი?
იმის გამო, რომ თერმომეტრის ზონდი ჩარჭობილია სურსათში, ზონდი უნდა გასუფთავდეს მანამ, სანამ ის გამოყენებული იქნება სხვა სურსათის ტემპერატურის გასაზომად. თუ ზონდი არ არის გაწმენდილი ბაქტერიები შეიძლება გადავიდეს ერთი სურსათიდან მეორეზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც თერმომეტრი გამოყენებული იქნება ნედლი და მზა სურსათის ტემპერატურის გასაზომად, მაგალითად, ნედლი ჰამბურგერის ხორცის და შემდეგ მზა ჰამბურგერის ხორცის გასაზომად.

ნაბიჯები გასასუფთავებლად:
•    ზონდის გარეცხვა თბილი წყლით და სარეცხი საშუალებით;
•    ზონდის გაწმენდა თქვენი თერმომეტრის შესაბამისი გზით (ხშირად გამოიყენება ალკოჰოლური ტამპონები);
•    საჭიროების შემთხვევაში, გამდინარე წყლით ჩამოირეცხება სადეზინფექციო საშუალება (იხილეთ ინსტრუქციები სადეზინფექციო საშუალებებზე);
•    ზონდის გაშრობის საშუალება ან ერთჯერადი პირსახოცით საფუძვლიანად გაშრობა


მოგიწევთ თერმომეტრის კარგ მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეცვალოთ ელემენტები და შეაკეთოთ ან შეცვალოთ თერმომეტრი საჭიროების შემთხვევაში.

ასევე დაგჭირდებათ თერმომეტრის სიზუსტის შენარჩუნება. ეს ნიშნავს, რომ რეგულარულად უნდა დარწმუნდეთ, სწორადაა არის დაკალიბრებული თუ არა. ამის გაკეთება შეგიძლიათ თერმომეტრთან დაკავშირებული ინსტრუქციების მიყოლებით, ან იმ ბიზნესს, საიდანაც ის იყიდეთ, რჩევისთვის კითხეთ, როდის უნდა მოხდეს მისი დაკალიბრება, როგორ უნდა გაკეთდეს ეს და ვინ უნდა გააკეთოს.

აქედან გამომდინარე, თერმომეტრი სურსათის წარმოების პროცესში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. ამას ისიც ადასტურებს, რომ ჰასპის სისტემის ყოველდღიური ჟურნალების შევსების უმეტესი ნაწილი ტემპერატურის კონტროლსა და თერმომეტრთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, მისი გამართული მართვა/მოხმარება აუცილებლად გათავისებული უნდა ჰქონდეს საწარმოო სივრცეში მომუშავე პირებს. 

 
 
#HACCP #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისხარისხი #სურსათისუვნებლობისსისტემა #უვნებელისურსათი
სურსათის თერმომეტრების სწორად გაგება და გამოყენება